პროკურატურამ ზაბილ გოჯაევს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე, მარნეულის რესურსცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ზაბილ გოჯაევს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.გ.-მ 2019 წელს უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა ზ.გ. 2021 წლის 10 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტის დადგენისა და მასში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ზაბილ გოჯაევი მარნეულის რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლად ერთი კვირის წინ დაინიშნა. 9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ის თანამდებობიდან გადადგა.

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გვითხრეს, რომ გოჯაევმა თანამდებობა საკუთარი ნებით, განცხადების საფუძველზე დატოვა. მოვალეობას კი ალი გახრამანოვი შეარულებს.

ზაბილ გოჯაევი მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლად 2 ივნისს დაინიშნა. მაშინ განათლების სამინისტროში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ გოჯაევი ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებდა მოვალეობას. ხელმძღვანელად დანიშვნისთვის კი გამოცდის ჩაბარება მოუწევდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბოლო რამდენიმე წელი ქენან ომაროვი იყო. ის ახლა მერის მოადგილეა.

Print