სიახლე
გლდანში ბავშვს საქანელა დაეცა
გლდანში ბავშვს რკინის საქანელა ფეხზე დაეცა. როგორც მოზარდის დედა ამბობს, მისმა შვილმა დაზიანება მერიის დამონტაჟებული საქანელის დაცემის შედეგად მიიღო.

ბავშვს დედის თქმით, მოზარდს დაცემის შედეგად დაუზიანდა კუნთიც, ჩაუტარდა ოპერაცია და მე-5 დღეა, კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთმა” დედაქალაქის მერიას მიმართა. მერიაში ამბობენ, რომ შემთხვევა ვანდალიზმის ფაქტს უკავშირდება. რაც შეეხება დაშავებულ მოზარდს, მერიის თქმით, გლდანის გამგეობა ოჯახთან კონტაქტზეა და მზადაა საჭიროებისამებრ გაუწიოს დახმარება:

“მოგეხსენებათ, თბილისის პარკებსა და სკვერებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები. აღნიშნული შემთხვევაც უკავშირდება ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაზიანებას, რომელიც ჩადენილია დაუდგენელი პირების მიერ.

სამწუხაროდ, ამას მოჰყვა მოზარდის დაზიანება. ვანდალიზმის ფაქტების აღმოჩენისთანავე ხდება ინფრასტრუქტურის შეკეთება. რაც შეეხება დაზარალებულ მოზარდს, გლდანის გამგეობა კონტაქტზეა ოჯახთან და მზად არის გაუწიოს დახმარება საჭიროებისამებრ”, — აცხადებენ მერიაში.

თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბარში მოზარდის დედა აცხადებს, რომ გამგეობიდან დაუკავშირდნენ მხოლოდ მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ. რაც შეეხება საქანელას, ბავშვის დედა აღნიშნავს, რომ რკინის სტრუქტურა დაახლოებით 2 კვირის წინ წაიქცა და ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივებმა მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე არავინ მისულა.

დაშავებული ბავშვის დედის თქმით, მას შემდეგ, რაც მერიამ პრობლემა არ აღმოფხვრა, საქანელა ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გაასწორეს, რის შემდეგაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა:

“ეს საქანელა გადმოვარდა ორი კვირის წინ. ამ ორი კვირის განმავლობაში, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით 30-ჯერ მაინც დარეკეს მერიაში სამეზობლოდან და ითხოვეს მოსულიყვნენ და საქანელა გაესწორებინათ და დაემონტაჟებინათ, მაგრამ კაციშვილი არ მოვიდა.

შემდეგ ხალხმა თვითნებურად ასწია და დადგა, რის შემდეგაც მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, ვანდალიზმის კი არა, მათი უყურადღებობის ბრალია, რომ დროულად არ მოახდინეს რეაგირება და არ გამართეს ისე, როგორც საჭირო იყო”,
– ამბობს ბავშვის დედა “ნეტგაზეთთან”.

მშობელი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ ამჟამად მერიის რეაგირებას ელოდება და არ გამორიცხავს, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოსაც მიმართოს.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია