სიახლე
გენადი არველაძე - თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მე-12 შეხვედრა ჩატარდა, რომლის დროსაც გაიმართა მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თურქეთის დელეგაციას კი – ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკების ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია და აღნიშნულ დოკუმენტში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესაძლებლობა განიხილეს. მხარეებმა გაცვალეს ლიბერალიზაციის მოთხოვნები და შეთავაზებები, ასევე განიხილეს ტრანსპორტის სფეროში მომსახურების დანართის ტექსტი.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანით, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების შემდგომი ლიბერალიზება, გაზრდის საქართველოს ექსპორტს თურქეთში და ხელს შეუწყობს ქართველ მწარმოებლებს, საკუთარი წარმოების აგროპროდუქცია თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მისი თქმით, თურქეთის მხარესთან კონსულტაციის პროცესი აღნიშნულ საკითხზე წარმატებით მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებების მსვლელობისას ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების მნიშვნელობას. თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ კუმულაციის დროულად ამოქმედების მიზნით ევროკავშირს შესაბამის ინფორმაციას მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე მიაწვდის.

დასასრულს, მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემდგომი შეხვედრა თბილისში 2021 წლის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

წყარო:1tv.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია