სიახლე
"მოგვიწევს ისევ დაკეტვა"
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით არ გაგრძელდება და ინფიცირებულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, მთავრობას ისევ მოუწევს ქვეყნის დაკეტვა და დამატებითი შეზღუდვების დაწესება, რაც მთავრობის მეთაურის განცხადებით მათ არ უნდათ და ამის თავიდან აცილებისთვის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ ჩავატარეთ 11 000 აცრა, რაც არ არის საკმარისი. თუკი არ ავედით დღეში 20-30 ათას აცრაზე ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა. მაგალითად დღეს გვქონდა 2600 შემთხვევა, ეს არის ძალიან საგანგაშო, ძალიან ცუდი ტენდენციაა, მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოსახლეობა. გვინდა ერთმხრივ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების, ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მეორეს მხრივ ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენს მთავრობას, გთხოვთ აიცერით. თუ მთავრობას არ დაუდგა ჩვენი მოქალაქეები მხარში, ისე როგორც შარშან დაუდგნენ, როცა პანდემია დაიწყო, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო გავაკეთეთ, ვაქცინები არის ადგილზე იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა. ვაქცინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა და მეორე მხრივ ეკონომიკის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ ისევ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა ეს პრევენციული განცხადება გავაკეთო, არ მინდა რომ ეს მოხდეს",
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია