“ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის
“ქართული ოცნება” ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

როგორც “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა არ უერთდება, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები მუდმივად არღვევენ შეთანხმებას, “ქართული ოცნება” იყო ერთადერთი, რომელიც შეთანხმებას ასრულებდა. თუმცა დღეს კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება ანულირებულია.

“დღეს დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში “ქართული ოცნების მხრიდან” შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება. 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან არ დასრულებულება. ჩვენ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე განვაცხადეთ, რომ საარჩევნო და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების გარეშეც განხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები სიღრმისეულად განიხილება და მიიღება. შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება. ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება პასუხისმგებლობები ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და იმ შემთხვევაშ დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს.

“რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს — კოალიციური მმართველბის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და “ქართული ოცნება” ამას მხარს უჭერს. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევასიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არის დამკვიდრებული”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, “შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს”.

შარლ მიშელის შეთანხმებით, რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში ტარდება თუ “ქართული ოცნება” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს იღებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print