სააკაშვილმა თუ გაბედა საქართველოსკენ გამოხედვა, ეს ოცნებასთან იქნება შეთანხმებული — გახარია
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა გაბედა, ეს შეთანხმებული იქნება ქართულ ოცნებასთან. თუმცა, გახარია აღნიშნავს იმასაც, რომ "ჩამომსვლელი აქამდეც ჩამოვიდოდა."

"ამ ადამიანს არ ვიცნობ. წარმოდგენა არ მაქვს რანაირად აზროვნებს ეს კაცი. არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე ერთი რამე ვიცი, ჩამომსვლელი აქამდეც ჩამოვიდოდა — ეს ერთი. მეორე — სააკაშვილმა საერთოდ თუ გაბედა საქართველოსკენ გამოხედვა, ეს ერთმნიშვნელოვნად ოცნებასთან შეთანხმებით იქნება გაკეთებული. როგორც ამნისტია გაუკეთეს მელიას და სამუდამოდ ჩააცვეს პოლიტიკური დევნილის მანტია, ზუსტად იგივეს გაუკეთებენ მიშას. დარწმუნებული ვარ ამაში", — განაცხადა გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის ეთერში.

კითხვას, დააკავებენ თუ არა სააკაშვილს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთს შემდეგ, გახარიამ ასე უპასუხა:

"ადამიანი გასამართლებულია და რა თქმა უნდა, უნდა დააკავონ, მაგრამ, რა შეუშლით ხელს, [ნიკა] მელიას და [გიორგი] რურუას თუ გაუკეთეს ამნისტია, რომ ვითომ საერთაშორისო ზეწოლის ფარგლებში სააკაშვილსაც ამნისტია გაუკეთონ?! გაუკვირდება ვინმეს? ვინმეს ამ ქვეყანაში ეს გაუკვირდება?"

მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვა, თუმცა თარიღს ისევ არ აკონკრეტებს. მისი თქმით, თარიღსა და მარშრუტთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანონსა 2 ოქტომრბის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მას ზუსტი თარიღი არც აქამდე უთქვამს, თუმცა აცხადებდა, რომ პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა.

წყარო: On
Print