ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერეს 3 428 000 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში 522 915 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიის საბიუჯეტო ვალდებულებების და იმპორტირებული პროდუქციის გადასახადების დასაფარად.

„გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: report.ge
Print