გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 150 ათასი ვაქცინა შემოვა და რისკჯგუფი გაფართოვდება.

„სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა იყიდა. თუ არ ვცდები, 43 ათასი დოზა უკვე შემოვიდა ორი დღის წინ, 4 ვალენტიანი, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.

მოგეხსენებათ, გრიპზე პირველ რიგში, იცრებიან რისკჯგუფები. პირველი რისკჯგუფი ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ მსჯელობა იყო საბჭოზე და იქნებიან დიალიზზე მყოფები, ასევე ორსული ქალბატონები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოზების დაწესებულებებში განაწილება. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დავიწყებთ ამ პირველი პარტიიდან აცრებს.

ოქტომბრის განმავლობაში, კერძოდ, მეორე ნახევრიდან 150 ათასზე მეტი დოზა შემოვა ქვეყანაში და რისკჯგუფები კიდევ გაფართოვდება იმის მიხედვით, როგორც გვაქვს, კერძოდ, ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ასე შემდეგ. ვნახოთ, როგორი იქნება ათვისება. შარშან არ იყო ძალიან აქტიური.

მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც აქტიურობს. ზოგადად, გრიპის საწინააღმდეგო აცრების კულტურა ქვეყანაში იზრდება, ეს კარგია, რაც მეტი აიცრება, მით უკეთესი. უნდა შევეცადოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა ოქტომბერ-ნოემბერში იყოს ათვისებული“,-
განმარტავს გამყრელიძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია