იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს – უგულავა სააკაშვილს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე აქვეყნებს წერილს, რომელიც, მისი თქმით, გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილს მისწერა.

წერილში უგულავა სააკაშვილს წერს, რომ საქართველოში მისი დაბრუნებით აღფრთოვანებულია და მისით ამაყობს.

ამასთან, უგულავა სააკაშვილს ამხნევებს და მიმართავს, რომ სანამ მას ციხიდან არ გამოიყვანს, სხვა საქმე არ აქვს.

“მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლიზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის

აწი, ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის. მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მეჩხირება ყელში ბრაზისგან.

დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია, რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს. აბა, შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით, როგორც არასდროს”,
– წერს უგულავა სააკაშვილს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, სააკაშვილი ითხოვს, რომ პირად ექიმს მისი მონახულება ყოველდღე შეეძლოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია