სააკაშვილს უნდა ჰქონდეს სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა — მიტროპოლიტი გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ავრცელებს მიმართვას, რომელშიც საპატიმროში მყოფ მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება ქვეყნის ინტერესებისთვის არის საჭირო.

“ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში არის სახლი, სადაც ქვეყნიდან განდევნილი საქართველოდან პირველი პრეზიდენტი მზაკვრულად და ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს;

მანამდე კი სამშობლოდან დევნილმა „უკანონოდ“ გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი, ტყე-ტყე უწევდა გზის გაკვლევა და აქ დადგა სწორედ მისი ტრაგიკული აღსასრული;

შემდეგ იყო მთაწმიდის სავანე, დატირება. საკითხავია, ვის დასტიროდა გათხრილ საფლავთან ქართული საზოგადოება, საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ საკუთარ თავს?!” —
აღნიშნავს მიტროპოლიტი გრიგოლი.

ამის შემდეგ სასულიერო პირი სააკაშვილის საკითხს ეხება და დასძენს:

“ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!” —
აღნიშნავს მიტროპოლიტი.

სასულიერო პირი ასევე ახსენებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც და ამბობს, რომ “ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება გადაუდებელ ამოცანად გვესახება”. თუმცა, მისი სიტყვებით, “ამას ვერ მოახერხებს ის სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც პოლარიზებული და ურთიერთდაპირისპირებულია, ერთმანეთს მტრობს და ვერაფრით ახერხებს თანაცხოვრებას”.

“ვერა და ვერ მივაღწიეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობლივი ჩართულობითა და თანამონაწილეობით საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების წარმართვას”, — აღნიშნავს მიტროპოლიტი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს საქართველოში დააკავეს. ის უკრაინიდან არალეგალური გზებით შემოვიდა. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია