სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის მობილური ჯგუფი იქმნება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ჯანდაცვის სამინსიტრო მობილურ ჯგუფს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინიტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ დაადასტურეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მობილური ჯგუფის შექმნის თაობაზე მათ იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 12 ოქტომბერს მიმართა:

“იუსტიციის მინისტრმა გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს მომართა თხოვნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზების თაობაზე.

პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად და თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია უზრუნველყოს კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება, ანუ საკითხის ჯგუფური შესწავლა, ბუნებრივია, პაციენტის უფლებების და ყველა სხვა საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით მობილიზება.

ყველა ის ექსპერტი, რომელიც ჯგუფშია ჩართული, არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თავისი მიმართულებით და წამყვანი სპეციალისტები საქართველოში”, — განმარტა გაბუნიამ.

სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ კი “ფორმულასთან” განაცხადა, რომ მას დღეს დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და შეხვედრაზე მისვლა სთხოვეს, რომელსაც ექსპერტების ჯგუფთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე, თამარ გაბუნიაც ესწრებოდნენ:

“ამ შეხვედრის ძირითადი აზრი იყო, რომ შეგვექმნა მობილური ჯგუფი, რომელიც დააკვირდებოდა ბატონი პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობას. იქ რაც ვნახე, კომისიის წევრები, ყველა ძალიან კარგი ექიმებია. დაახლოებით ოთხნი იყვნენ, ოთხივეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიტყვი, რომ ავტორიტეტული ექიმები არიან.

განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის არ მაწყობს”, – განაცხადა ყიფშიძემ “ფორმულასთან”.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკრაინიდან არალეგალური გზებით შემოვიდა. ყოფილმა პრეზიდენტმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია