მინისტრის ბრძანება ძალაშია - მოგზაურობის მსურველებს ჩინური ვაქცინების ჩანაცვლება უკვე შეუძლიათ
ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება, რომლითაც სამოგზაუროდ წამსვლელ პირებს შეუძლიათ დამატებითი აცრა "ფაიზერით" გაიკეთონ უკვე ამოქმედდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ეს არ არის "ბუსტერ" დოზა. როგორც ჯანდაცვის უწყებები განმარტავენ, ეს არის ვაქცინის "ჩანაცვლება".

დადგენილების მიხედვით, Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით Pfizer–BioNTech ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:

ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.

აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება.

პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში, მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–ის ვაქცინით.

აღნიშნული პირების ვაქცინაცია ამ ეტაპზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, სამედიცინო დაწესებულებაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება.

წყარო: report.ge
Print