„ვაქცინაციის მარათონის“ ფარგლებში კახეთში 100 წლის ქალი აიცრა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში კახეთის რეგიონის სოფელ მანავში ათეულობით ადამიანი აიცრა, მათ შორის იყო ერთი ორსული და ერთი 100 წლის ქალი.

უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე მარათონი მიმდინარეობს კახეთის ორ სოფელში, მანავსა და პატარძეულში.

„ვაქცინაციის მარათონს კახეთში ვაგრძელებთ. ჩვენ ის სოფლები შევარჩიეთ, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, რათა მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმდინარე პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუკეთებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინაციის მარათონი დადებით შედეგებს გამოიღებს და ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს“,
— განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ცნობით, COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს შეუძლიათ სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე, რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად გამოყოფილ მოძრავ ამბულატორიაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში პირველ დღეს 120 ადამიანი აიცრა, გუშინ კი დამატებით 300 ადამიანის იმუნიზაცია მოხდა:

„დიდი იმედი გვაქვს, რომ სასოფლო დასახლებაში მარათონი კარგ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს ყველაფერი შემდგომშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აქ ძალიან გამოცდილი ექიმები და ექთნები არიან. მოგეხსენებათ, რომ კახეთში შემთხვევების მატებაა და ამ პროცესს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია გააჩერებს“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პროექტი ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით. მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. უწყების თქმით, საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ. პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო ( UNDP).


წყარო: ნეტგაზეთი
Print