Pfizer-ის თქმით, მისი ბუსტერ დოზა COVID-19-ის წინააღმდეგ 96%-ით ეფექტიანია
COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ბუსტერ დოზას 95.6%-იანი ეფექტიანობა აქვს ვირუსის წინააღმდეგ. ამაზე რამდენიმე საათის წინ, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზი მეტყველებს, რომელშიც 10 000 16 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანი მონაწილეობდა. ჯერჯერობით, ეს მონაცემები კომპანიის პრესრელიზს ეყრდნობა.

"რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევის პირველადი შედეგები აჩვენებს COVID-19-ის ვაქცინის ბუსტერის 95.6%-იან ეფექტიანობას ვირუსის წინააღმდეგ, იმ პერიოდში, როცა კორონავირუსის დელტა შტამი იყო გავრცელებული", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კლინიკური კვლევის პირველადი შედეგი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Moderna-სა და Johnson & Johnson-ის ბუსტერ დოზებზე ავტორიზაცია გასცა. მანამდე ადმინისტრაციამ ორი დოზით ვაქცინირებიდან 6 თვეში, Pfizer-ის ბუსტერ დოზის ადმინისტრირების ნებართვა გასცა ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის, სამუშაო ადგილზე COVID-19-თან შესაძლო შეხების მქონე პერსონალისთვის, ასევე, 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებში.

Pfizer-ის თქმით, ვაქცინის ორი დოზის მიღებიდან დროის გასვლის შემდეგ, მისი ეფექტიანობა ნელ-ნელა სუსტდება. ფაიზერის მიერ მოყვანილი კვლევის თანახმად, თუ ორჯერადი აცრიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ ვაქცინის ეფექტიანობა 96%-ს აღწევს, აცრიდან 4 თვეში 84%-მდე ჩამოდის. სწორედ ამ მიზეზით, ქვეყნები ბუსტერ დოზის მიღებაზე საუბრობენ.

Pfizer-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე დოზასა და ბუსტერს (ან პლაცებოს) შორის საშუალო დრო დაახლოებით 11 თვე იყო. იმ ჯგუფში, რომელმაც ბუსტერი მიიღო, COVID-19-ის მხოლოდ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში — 109.

მონაწილეთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო, მათი 55.5% 16-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებს წარმოადგენდა, ხოლო 23.3% 65 წლის და ზემოთ ადამიანებს.

Pfizer/BioNTech კლინიკური კვლევის უფრო დეტალურ შედეგებს ნაშრომის სახით რაც შეიძლება სწრაფად წარუდგენს FDA-ისა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, იმისათვის რომ მათგან ბუსტერ დოზის 16 წლის და ზემოთ მოქალაქეებში გამოყენების ნებართვა მიიღოს.


წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია