ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722 -ს შეადგენს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერ ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.

„თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 2 069.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 22 ოქტომბერს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მონაცემების დასამუშავებლად ვადა 28 ოქტომბრამდე ჰქონდა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. უკვე დაიწყო განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიისა და სამაგიდე სიების ბეჭდვის პროცესიც“,
– განაცხადა ნათია იოსელიანმა.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები