FDA-ის ექსპერტთა ჯგუფი 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრის რეკომენდაცის იძლევა
აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოსთან (FDA) არსებული დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა. გადაწყვეტილება ჯგუფმა 17 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო, 1-მა წევრმა თავი შეიკავა.

FDA-ის ექსპერტთა ჯგუფი დაეთანხმა „ფაიზერის“ მიერ მიწოდებულ მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ხოლო კორონავირუსისგან დასაცავად ეფექტიანობის მაჩვენებელი – 90.7% აქვს.

FDA, როგორც წესი, ექსპერტთა ჯგუფის გაცემულ რჩევებს იზიარებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისას. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებებს სავალდებულო ხასიათი არ აქვს.

რეკომენდაციის შემდეგ აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში მიიღებს. FDA-ის გადაწყვეტილებას კის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, დიდი ალბათობით, გაითვალისწინებ. თუმცა, მანამდე ცენტრთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი „ფაიზერის“ მიწოდებულ მონაცემებს დამოუკიდებლადაც შეაფასებს.

„ვაქცინა კორონავირუსისგან დასაცავად ძლიერ იმუნიტეტს ქმნის და ეფექტიანად ანეიტრალებს დელტა ვარიანტს მოზარდებსა და ბავშვებშიც“, – განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის მოსმენაზე „ფაიზერის“ ვაქცინის კლინიკური კვლევებისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა დოქტორმა უილიამ გრუბერმა.

ვაქცინაციის დაწყების შემთხვევაში ბავშვები „ფაიზერის“ იმ დოზის მესამედს მიიღებენ, რომელსაც ზრდასრულებისთვის იყენებენ. აცრა, ჩვეულებრივ, ორ დოზად დაიყოფა მინიმუმ 21-დღიანი შუალედით.

უილიამ გრუბერის თქმით, ვაქცინის დოზის ამ ოდენობით მათ დაიცვეს ბალანსი საიმედო დაცვასა და რაც შეიძლება მცირე გვერდით ეფექტებს შორის. მისი თქმით, კვლევებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები შიშის საფუძველს არ იძლევა.

ამჟამად აშშ-ში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების 9%-ს სწორედ 5-11 წლის ასაკობრივი ჯგუფი შეადგენს. ხოლო კორონავირუსის პედიატრიულ შემთხვევებს შორის მათი წილი – 40%-ია.

წყარო: პუბლიკა
Print