მიხეილი სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი - უკრანის ომბუდსმენი
მიხეილმა ყველას მოკითხვა გადმოგცათ. მან თქვა, რომ ყოველ დღე სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი. ორი - ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც დღეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან თვლის, რომ ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის.

„კოლონიის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ სისხლის გადასხმა მოახდინონ, როდესაც აუცილებელი გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ის აცხადებს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც მე-18 დაწესებულებაში მდებარეობს, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, როდესაც ჩემმა კოლეგამ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეამოწმა ეს საავადმყოფო, დაადასტურა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მისთვის კრიზისულ მდგომარეობაში დახმარების აღმოსაჩენად, რომელშიც შეიძლება ყოველი დღის ნებისმიერ წუთს აღმოჩნდეს შიმშილობის შედეგად, ამიტომ ის უარს ამბობს გადასვლაზე,“ - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩამოსულია უკრაინელი ექიმი და იგეგმება მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულება.

წყარო: report.ge
Print