ღარიბაშვილის შეფასებით, 27 ოქტომბრის აქციაზე 150 ათასი ადამიანი მივიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ 27 ოქტომბრის აქციაზე, დაახლოებით, 150 ათასი ადამიანი მივიდა.

დღეს ჟურნალისტებთან მან აქცია ტრიუმფალურად შეაფასა. „მთავარი არხის“ კითხვაზე, რატომ დაიშალა აქცია ასე მალე, ღარიბაშვილი პასუხობს:

„დაახლოებით, 150 ათასი ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი ხალხის ძალა, მოგიწევთ ყველას, რომ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას,“
— თქვა მან.

გუშინ, 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერთა აქცია გამართა. აქციის დღეს მედიაში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც მოქალაქეები ამბობენ, რომ მონაწილეობისთვის გარკვეული თანხა მიიღეს. ამ ინფორმაციას პარტიაში უარყოფენ და ამბობენ, რომ მხოლოდ მგზავრობის ხარჯები დაფარეს.

გუშინ საღამოსვე პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზუსტი თანხა, თუ რა დაჯდა აქციის ორგანიზება არ იცის, მაგრამ უახლოეს პერიოდში ამ მონაცემებს „ოცნება“ აუდიტის სამსახურს მიაწვდის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია