უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილს ავრცელებს.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში სააკაშვილი წერს, უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.

სააკაშვილი წერს, რომ არ ეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დაიცვას საკუთარი სიმართლე.

„მიუხედავად ამისა, უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებს, სადაც დაველაპარაკები ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს. სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას.

რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას. შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში.

ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს. ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა“,
- წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.
წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია