განსაკუთრებულები ვართ, შესაბამისად, გვაქვს ორი „მწვანე პასპორტი“ — ტიკარაძე
„ყველაფერში განსხვავებულები ვართ“ — ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი კითხვას, რომელიც ე.წ. უვადო მწვანე პასპორტებს ეხება.

საქართველოში პირველი დეკემბრიდან რიგ დაწესებულებებში შესასვლელად ე.წ. მწვანე პასპორტი იქნება საჭირო — აპლიკაცია და QR კოდი, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი ან აცრილია, ან ბოლო 6 თვეში კორონავირუსი აქვს გადატანილი. განსხვავებით ევროპული გამოცდილებისა, საქართველოში 6 თვის ვადა არ მოქმედებს და პასპორტი მიეცემა იმ ადამიანსაც, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი პერიოდის წინ გადაიტანა.

„საქართველოსნაირი განსაკუთრებული ქვეყანა მეორე არ არის მსოფლიოში, ჩვენ განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით, და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან. თითოეული ვართ ქართველი, არა მგონია ეს ვინმეს უკვირდეს.

მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია დაყვეს გარკვეულ წესებს საქართველოში. ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული, სოციალური, ეკონომიკური თუ პანდემიური ფონის პირობებში ალბათ არ რის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნება,“
– ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, მართალია, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი – „თუმცა, ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო შეუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობა არის 6 თვე“.

წყარო: ნეტგაზეთი
Print