კომუნუკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 ათასი ლარით დააჯარიმა 25 ნოემბერი, 2021 | მარიამ ბოგვერაძე | 97
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მთავარი არხი“ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დამზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო, 111 903 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნულ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოებით იქმნება ვლადიმერ პუტინის სახის გამოსახულება, რითაც აქტივისტების თქმით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ.

„მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ ჯარიმა უპრეცედენტოა და ამ ოდენობის ჯარიმა კომისიას არასოდეს არავისთვის დაუდგენია. იურისტის განცხადებით, მათთვის კომისიის სხდომაზე არც მუხლი დაუსახელებიათ, რომლის საფუძველზეც ჯარიმა დაეკისრათ.

კომისიის ამ გადაწყვეტილებას თამთა მურადაშვილი კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლოს მიმართ უნდობლობისა, გადაწყვეტილებას მაინც გაასაჩივრებენ:

„დაგვაჯარიმეს ისე, რომ მუხლიც არ მიუთითებიათ. სრულიად უკანონო გადაწყვეტილებაა, ესაა პოლიტიკა რომელსაც ისინი ახორციელებენ მიზანმიმართულად. ამ გადაწყვეტილებით აუკრძალეს სამოქალაქო აქტივისტებს საეთერო დროით სარგებლობა.

ამასთან,ჯარიმა არის უპრეცედენტო. მაუწყებლის წინააღმდეგ ამ მოცულობის ჯარიმა არ ყოფილა. ჯერ ველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რომელსაც წავიღებთ სასამართლოში. ხვალ შეიძლება ჩამოგვართვან მაუწყებლობის უფლება. ჩვენთვის გაუგებარია საიდან დათვალეს ეს ჯარიმა. ეს სამწუხაროდ გზავნილია ყველა სხვა მედიისთვის“ – ამბობს თამთა მურადაშვილი.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ არხი 17 და 18 ნოემბერს მაუწყებელმა ეთერში განთავსებული სამი ვიდეორგოლის გამო დაჯარიმდა, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა:

„ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.

მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება – მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამების განთავსება მოხდა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით“ – აცხადებენ კომისიაში.

კომისიის თქმით, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ სადაო ვიდეორგოლში ნაჩვენებია პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ და თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა -„კლავს“. კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიტყვა წერილობით ისახება ეკრანზე, ვიდეორგოლის ბოლოს კი ისმის მოწოდება: „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“.

მეორე ვიდეორგოლში კი წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატის, თბილისის მერის მიერ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები და თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა – „კლავს“, ვიდეორგოლის ბოლოს კომისიის განცხადებით, ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“:

„მაუწყებლის ეთერში ასევე განთავსებულია ვიდეორგოლი, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიის წევრების ფოტოები პარტიის სიმბოლიკისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკის ფონზე არის წარმოდგენილი ეკრანზე, ხოლო კლიპის დასასრულს, როდესაც ისმის სიმღერა „ჩემი საქართველო აქ არის“ მათი ფოტოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება „სირცხვილია“.“ – წერია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




წყარო: ნეტგაზეთი
Print