იმნაძე ეწინააღმდეგება ყველა კოვიდგადატანილისთვის მუდმივი „მწვანე სტატუსის“ მინიჭებას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები სამუდამო იმუნიტეტის მატარებლები არ არიან და, შესაბამისად, არ ეთანხმება ნებისმიერი კოვიდგადატანილი ადამიანისთვის „მწვანე სტატუსის“ მინიჭებას. ამის შესახებ იმნაძემ ჟურნალისტებთან დღეს, 25 ნოემბერს ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი “უსასრულოდ იმუნიტეტის მატარებელია” თუ არა, იმნაძემ უპასუხა:

“რა თქმა უნდა, არა, კოვიდის გადატანის შემდეგ [რა ხდება], კვლევები უკვე გამოქვეყნებულია, გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ქვეყანაში 5 000-ზე მეტი რეინფიცირების შემთხვევა. ასე რომ, კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ კოვიდი არ დაგემართება”, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძე იმედოვნებს, რომ “კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები” და შეიცვლება საქართველოში არსებული წესი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც გადაუტანია კორონავირუსი, “მწვანე პასპორტის” აღება შეეძლება.

“ჩემი აზრით შესაცვლელია”, — განაცხადა იმნაძემ.

“მწვანე პასპორტების” დამტკიცების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, პირს „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ, ასევე, ბოლო 72 საათში ჩატარებული აქვს PCR ტესტი, ან ანტიგენის ტესტი ბოლო 24 საათის განმავლობაში. ასევე, “მწვანე სტატუსი” მიენიჭებათ იმ პირებსაც, ვისაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი:

“აქვე მინდა გავაკეთო განმარტება, რომ იყო მოსაზრება, რომ კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო ამ შეზღუდვის მოხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი”, – განმარტა ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს.


წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია