მთავრობას 1,400-ზე მეტი კომპანია ეკუთვნის, სადაც 56,400 ადამიანი მუშაობს
საქართველოს სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. 2020 წლის ფინანსური მონაცემებით, ამ კომპანიებმა, ჯამში, 1 მილიარდი ლარით იზარალეს, რაც 2019 წლის ზარალს 630 მილიონი ლარით აღემატება.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს - მთავრობას თუ მუნიციპალიტეტებს ჯამში 1,443 შპს და სააქციო საზოგადოება აქვთ დაფუძნებული და ამ კომპანიებში მთლიანობაში 56,435 ადამიანი მუშაობს. ეს კომპანიები წლიურად საკუთარ დასაქმებულებზე ხელფასების სახით 770 მილიონი ლარის ხელფასებს გასცემენ, ხოლო საშუალო ანაზღაურება 2020 წლის მდგომარეობით თვეში 1135 ლარს შეადგენდა.

დასაქმებულთა რაოდენობით ლიდერობს საქართველოს რკინიგზა, სადაც 12,500 თანამშრომელია, ასევე 6,300 დასაქმებულით თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5,000 თანამშრომლით კი თბილსერვის ჯუფი. ხუთეულში ასევე შედიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2,700 თანამშრომლით და "საქართველოს ფოსტა" 2,500 თანამშრომლით.

თავიანთი სტრუქტურული მოწყობით, სახელმწიფო კომპანიები მთავრობას ან მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ ფირმებს წარმოადგენენ. სწორედ ამის გამო, მათ მთავრობა არაერთი სოციალური პროექტის განხორციელებას ავალდებულებს, იქნება ეს დასაქმებულთა შტატების ზრდა, პროდუქციის თვითღირებულებაზე იაფად გაყიდვა თუ წამგებიან საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა.

სახელმწიფო კომპანიებს ჯამში 9.86 მილიარდ ლარზე დიდი ვალი აქვთ აღებული, რომელთა გადახდაც ამ ფირმების გაუარესებული შედეგების გამო, შესაძლოა, გადასახადის გადამხდელებს მოუწიოთ.

მთავრობას შპს-ის დაფუძნება და კონკრეტულ ბაზარზე საქმიანობის დაწყება პრაქტიკულად შეუზღუდავად შეუძლია. დღეს სახელმწიფო კომპანიები, ღვინის წარმოებით დაწყებული, სასტუმროს ოპერირებითა და ენერგეტიკით დასრულებული, თითქმის ყველა სექტორში საქმიანობენ.

სწორედ ამ კომპანიების კორპორატიზაციის და დამოუკიდებელი მართვის ინსტრუემენტების შექმნისკენ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას IMF-ი, რომელიც ამ ფირმების შესახებ საკუთარ მიმოხილვებში რეგულარულად წერს.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები