პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო — სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი მმართველობის დროს დაშვებულ “შეცდომებს” შორის სასამართლო სისტემას გამოარჩევს. თავის სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ენმ-ის ხელისუფლების დროს ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი სასამართლოს აშენება, რაც საბოლოოდ ბევრ ადამიანს შეეხო, მისი ჩათვლით.

“მქონდა თუ არა მე შეცდომები? საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო.

მე კარგად მახსოვს ჩვენი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა ნიკა მეუბნებოდა, რომ არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ უზრუნველვყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია.

ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ გეგონება, ყველაფერი ზუსტად გამოიცნო. და ამიტომ, რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით, მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს, ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ”,
— დასძინა მან.

“მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული — მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

რა ხდება?
სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში თავის პროცესს პირველად ესწრება. სხდომაზე განიხილავენ 7 ნოემბრის საქმეს, რომელშიც ექსპრეზიდენტი და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ ეძლეოდა თავის სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ, 29 ნოემბრის პროცესს ესწრება და სხდომა რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები