"ომიკრონი" 57 ქვეყანაში გამოვლინდა - ჯანმო
7 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" 57 ქვეყანაში გამოვლინდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ამასთან, ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმეტეს ქვეყნებში დომინანტური შტამი მაინც "დელტაა".

"იმის გათვალისწინებით, რომ "დელტას" ვარიანტი ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებით ევროპის რეგიონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში დომინანტურად ცირკულირებს, COVID-19-ის გლობალურ ეპიდემიოლოგიაზე "ომიკრონის" გავლენასთან დაკავშირებით რაიმე დასკვნების გამოსატანად ჯერ ძალიან ადრეა", - აღნიშნეს ჯანმო-ში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც "ომიკრონი" პირველად დაფიქსირდა, COVID-19-ის გავრცელების სიხშირე ნოემბრის მეორე კვირიდან იზრდება: 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით 62 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ზრდამ წინა კვირასთან შედარებით 111% შეადგინა.

ყოველკვირეული შემთხვევების ძალიან მაღალი ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში - ეს არის ესვატინი (1990%), ზიმბაბვე (1361%), მოზამბიკი (1207%), ნამიბია (681%) და ლესოტო (219%). ამ ქვეყნებში ვაქცინაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ოთხი დღის წინ "ომიკრონი" 38 ქვეყანაში იყო დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია