"ხორბლის იმპორტის შემცირება პურის ფასს დაარტყამს“ - ასოციაციის არგუმენტები
"ხორბლის იმპორტის შემცირება, რუსეთის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადი და ექსპორტის კვოტირება, პარალელურად კი, ფქვილის იმპორტის ზრდა, პურის ფასსაც დაარტყამს", - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ BM.GE-ს საქართველოში ხორბლის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოში 2022 წელს ხორბლის მოსავლიანობის შემცირებულმა პროგნოზებმა ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანის რუსეთის მხრიდან 15 თებერვლიდან საექსპორტო გადასახადთან ერთად კვოტირების მექანიზმის ამოქმედება განაპირობა. ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის საეთაშორისო ბაზარზე ხორბლის რეკორდული ფასები ფიქსირდება და საქართველო 1 ტონა ხორბალს, დაახლოებით, 350 დოლარად ყიდულობს. მსოფლიოში არსებული მდგომარეობა საქართველოზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, 2021 წლის დეკემბერში ხორბლის იმპორტის ანტირეკორდი დაფიქსირდა.

„დეკემბერში სულ 6 000 ტონა ხორბალი შემოვიტანეთ, მაშინ როდესაც გასული წლებში დეკემბრის მაჩვენებელი 30 000, 60 000 ტონა იყო. ამავე პერიოდში 6 000 ტონაზე მეტი ფქვილი შემოვიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან ფქვილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი ჩაანაცვლა და რუსეთისთვის ფქვილის მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა“, - აღნიშნავს სილაგავა.

მისი განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პურის მწარმოებელთა ასოციაციის პოზიციითა და პურის ფასებთან დაკავშირებით 2021 წლის ბოლოს გაკეთებული განცხადებებით გაკვირვებულია და მათ ამ პოზიციაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„რაც შეეხება მარაგებს, ისინი დღემდე არსებობს, რადგან ფქვილის იმპორტის ზრდის პარალელურად ხორბლის რეალიზაცია არ ხდებოდა, შესაბამისად, მარაგი შენარჩუნდა, თუმცა ის მინიმუმზეა.

ჩვენგან განსხვავებით, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას სხვა პოზიცია უკავია და ამბობენ, რომ პურის ფასი შენარჩუნდება. ჩვენი ასოციაცია გაკვირვებულია მათი ამგვარი განცხადებით, რომ ფქვილის იმპორტმა ისინი ამოასუნთქა და კონკურენციის გაზრდის გამო პურზე ფასების შეჩერების შესაძლებლობა მისცათ. კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ ივნისიდან რუსეთში შემოსული მცურავი ბაჟისა და საქართველოში ფქვილის სუბსიდირების შეჩერების შემდეგ 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 53 ლარი იყო, ამის შემდეგ პური მინიმუმ 10-10 თეთრით, ორ ეტაპად გაძვირდა. პირველად გაიზარდა, როდესაც ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 60 ლარი იყო, ხოლო მეორედ 70 ლარი რომ იყო. ახლა ადგილობრივი წარმოების 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 74 ლარია, ხოლო იმპორტირებული ფქვილის - 69 ლარი. შესაბამისად, პურის ფასი გასული წლის განმავლობაში პერმანენტულად იზრდებოდა, თუმცა თუ ფქვილის იმპორტის გაზრდამ პურის მწარმოებლები ამოასუნთქა, მაშინ რატომ გაძვირდა ამ პერიოდის განმავლობაში პური. თუ ისინი ამბობენ, რომ ფქვილის იმპორტი კარგია, მაშინ აიღონ პასუხისმგებლობა, რომ შემდგომში პურის ფასის შენარჩუნება და მარაგები უზრუნველყონ.

ხორბლის იმპორტის შემცირება და ფქვილის იმპორტის ზრდა, მაშინ როდესაც ფქვილის მარაგების შექმნა ვერ ხერხდება, საბოლოოდ პურის ფასსაც დაარტყამს“,
- აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ლევან სილაგავას თქმით, დღეისთვის 10 მცირე წისქვილკომბინატი უკვე დაიხურა, თუმცა თუ ხორბლის იმპორტის კუთხით მდგომარეობა ასე გაგრძელდება, მარაგების კუთხით სიტუაცია კრიტიკული გახდება და დიდი ზომის წისქვილკომბინატებიც ვეღარ შეძლებენ ოპერირებას, რაც სასურსათო უსაფრთხოებაზე იმოქმედებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE პურის მცხობელთა ასოციაციასაც მიმართავს და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

წყარო: ბმ
Print