5 100 ოქროსა და ვერცხლის მედლისთვის 220 ათასი ლარი დაიხარჯება
2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს [მოოქროვილი] და ვერცხლის [მოვერცხლილი] მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთების დამზადება/მოწოდებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. მედლების შესაძენად 220 500 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერის მიხედვით, დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობაა 5 100 ცალი. მათ შორის: 3 900 ცალი ოქროს [მოოქროვილი] და 1 200 ვერცხლის [მოვერცხლილი] მედალი. თუმცა, დასამზადებელი მედლების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 21 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მედლების და მედლის ჩასადები ყუთების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არაუმეტეს 3-ჯერ შერჩევით მოახდინოს ერთი ცალი ოქროს [მოოქროვილი] და ერთი ცალი ვერცხლის [მოვერცხლილი] მედლის ამოღება და მისი საექსპერტო კვლევა. ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს და ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი. ექსპერტიზაზე გაგზავნილი მედლები არ ჩაითვლება შესყიდვის საერთო რაოდენობაში. ექსპერტიზაზე გაგზავნილი მედლები მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს ხელახლა და 10 კალენდარული დღის ვადაში მიაწოდოს შემსყიდველს“.

მედლებზე უნდა გავრცელდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ 3 წლის ვადით. მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეცვლა ახლით, ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტომდე, ოქროს მედლები მიღებული არ ჰქონდათ 2017-2018 [რამდენიმე მოსწავლეს], 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულ მოსწავლეებს. მიზეზად ბოლოს ტენდერის ჩავარდნა დასახელდა, რის შემდეგაც სააგენტომ მედლები ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, მედლებში სააგენტომ 333 345 ლარი გადაიხადა. ხელშეკრულება შპს „მერიდიან+“-თან გაფორმდა.

საინტერესოა ვინ რამდენ ლარად სთავაზობდა სააგენტოს ჯამში 8 735 [მოოქროვილი და მოვერცხლილი] მედლების დამზადებას გასულ წელს.

„2021 წლის, 17 მაისის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ მესამედ ჩატარებულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო და დადგენილ ვადაში შემოთავაზება წარმოადგინა შვიდმა კომპანიამ:
  • შპს სახელოვნებო სტუდია „სამება“ – 2 102 607 ლარი;
  • შპს „ედვერთაიზინგ ნიუ იორკ სითი“ – 808 695 ლარი;
  • შპს „ზარაფხანა“ – 631 599 ლარი;
  • შპს „ლამბრეკენი“ – 531 284 ლარი;
  • შპს „მარსელ ჯორჯია“ – 382 525 ლარი;
  • შპს „დაზგა“ – 358 345 ლარი;
  • შპს „მერიდიან+“ – 333 345 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემჭიდროებულ ვადებში განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულებად განისაზღვროს 333 345 ლარი“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია