პოლიციამ ქვემო ქართლსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა - ამოღებულია 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.
მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებული გ.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: „ჰეროინის“, „ბუპრენორფინისა“ და „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.


წყარო: police.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია