„აირზენა“ 150 მლნ დოლარად იყიდება
„ჯორჯიან ეარვეისი“ 150 მლნ დოლარად იყიდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage ავრცელებს და ქართული ავიაკომპანიისთვის ინვესტორს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს ავიაკომპანიის გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოება დაიწყო. ამ მიზნით, სასამართლოს კომპანიის დირექტორმა მიმართა.

როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განპირობებულმა მოვლენებმა შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. არსებული ფინანსური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კი მოვალის რეაბილიტაცია იყო.

ამასთან, როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარდგენისთვის მოვალის აქტივების საერთო ღირებულება უტოლდება 21 378 262 ლარს. ამავდროულად, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება აღწევს 175 854 075 ლარს.

„მოვალის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს მოემსახუროს ვადამოსულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოვალის გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება კრედიტორთა ერთობლივი ინტერესის დაცვის აუცილებელი და სავალდებულოდ გამოსაყენებელი გზაა,“ - აღნიშნული იყო სასამართლოს განჩინებაში.

საქართველოში დაფუძნებული ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage-ს პრეზიდენტი „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერიაა. ცნობისთვის, ავიაკომპანია მან გასული წლის ნოემბერში დატოვა და მიზეზად ქართულ-ამერიკულ კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში“ გადასვლა დაასახელა.

Georgian Business Brokerage ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ბიზნესბროკერთა www.IBBA.org და ევროპის ბიზნესბროკერთა ქსელის მეშვეობით, უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნესპროექტების დაფინანსებას, გლობალური კერძო კაპიტალით.

კომპანია უცხოურ ინვესტიციებს, საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში, სხვადასხვა ბიზნეს პროექტების დასაფინანსებლად იზიდავს. BB აშშ-დან, ლათინური ამერიკიდან, ევროპიდან, აზიიდან და მთელი განვითარებული სამყაროდან დივერსიფიცირებულ ბიზნეს ინვესტიციებს უზრუნველყოფს, რათა არსებული და პოტენციური ქართული ბიზნეს პროექტები გაზარდოს.

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს: მოქმედი ბიზნესისა და მატერიალური აქტივების ყიდვა-გაყიდვას; შემოსავალის მომტანი მატერიალური აქტივების პორტფელის შეგროვებასა და მართვას; ბიზნესის შეფასებასა და მის იმიგრაციას - საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

Business Brokerage-ის აშშ-ს ოფისი ფილადელფიაშია. აშშ-ს ოფისს რაიმონდ გ. პოლანდი ხელმძღვანელობს, რომელიც მანამდე ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და კარიბის ზღვის რეგიონალური ინსპექტორი და გენერალური აუდიტორი იყო. აღსანიშნავია, რომ რაიმონდ გ. პოლანდი აშშ-ს პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის პირდაპირი შთამომავალია.

Business Brokerage აშშ-ს ბიზნეს ბროკერთა საერთაშორისო ასოციაციის (International Business Brokers Association-IBBA) და ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EUROPEAN BUSINESS ASSOCIATION) წევრია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია