ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება, კლინიკაში პრაქტიკულად ყველა ადგილი შევსებულია, რეანიმაციაში კი არც ერთი ადგილი აღარ არის
ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში პრაქტიკულად ყველა ადგილი შევსებულია, რეანიმაციაში კი არც ერთი ადგილი აღარ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მაია ჩხაიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება. მისივე თქმით, კლინიკაში ჯამში, 175 საწოლია, აქედან 25 რეანიმაციული და ყველა ადგილი როგორც პალატაში, ასევე რეანიმაციაში, სრულად არის შევსებული.

ჩხაიძე მშობლებს ურჩევს, თუ ბავშვი მოზრდილია და საგანგაშო ნიშნები არ აქვს, სახლის პირობებში უმკურნალონ, წლამდე ბავშვები კი, სასურველია სტაციონარში მოთავსდნენ.

„ბავშვის გადმოყვანას წყვეტს სასწრაფო, ამიტომ მშობლებს ვთხოვ, განგაშს ნუ ატეხენ, როცა ბავშვი მოზრდილია, არ არის მივარდნილი, სითხეს ღებულობს, ღებინება არ აქვს და თუ სატურაცია არ უვარდება, არ არის საჭირო მათი კლინიკაში გადაყვანა. წლამდე ასაკის ჩვილები და ახალშობილები სასურველია ჰოსპიტალში მოხვდნენ, რადგან შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდეს. ყველა პაციენტი არ საჭიროებს გადაყვანას, ჩვეულებრივ შეიძლება იმართონ ბინის პირობებში თუ მსუბუქად აქვთ კორონავირუსი, როგორც ეს ხდება სხვა ვირუსული დაავადებების დროს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები