საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს,
რომ კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ტალღა დელტასთან შედარებით
მშვიდად მიმდინარეობს და მაღალი გავრცელების მიუხედავად, ამ ეტაპზე
საწოლფონდის 55% თავისუფალია:
„რა თქმა უნდა, სწრაფი გავრცელება ომიკრონს ახასიათებს, თუმცა მსოფლიო
გამოცდილებაც უკვე საკმარისი მოგროვდა, რომ შემთხვევების უმეტესობა
არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. ჰოსპიტალური სექტორი
ჯერჯერობით არის ნაკლებად დატვირთული. მოზრდილების საწოლფონდის 55% ამ
ეტაპზე თავისუფალია და ვფიქრობთ, რომ ეს შედარებით მშვიდად ჩაივლის,
განსხვავებით დელტა შტამისგან, რომელიც შედარებით აგრესიულად
მიმდინარეობდა“, – ამბობს თამარ გაბუნია.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი.
ოფიციალური მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 550
ადამიანი, ჩატარდა 35 082 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის
მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური
მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.08%, ხოლო 7
დღის მანძილზე – 16.61%.