მედიკამენტების სწრაფად გაიაფებაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალურია - PSP
„მედიკამენტების სწრაფად გაიაფებაზე საუბარი ცოტა არარეალური და არასერიოზულია“, - ამის შესახებ BM.GE-სთან სააფთიაქო ქსელ „პსპ-ს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა განაცხადა. ამით ხაბეიშვილი თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რასაც შედეგად მთავრობის მეთაურის თქმით, „ძალიან მალე წამლების გაიაფება მოჰყვება“.

კომპანია პსპ-ში აცხადებენ, რომ ეს პროცესი მარტივი არ არის და მომხმარებელი წამლებზე ფასის სწრაფ კლებას არ უნდა ელოდოს.

„ჩვენ ამ საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მედიკამენტების ის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ამ მიმართულებით მოიაზრება. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და რამდენიმე დიდ ეტაპს მოიცავს. ამდენად, დღეს საუბარი რაიმე კონკრეტულზე, ცოტათი არარეალურია, უფრო მეტიც - არასერიოზული შეიძლება იყოს. ერთადერთი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ და შემდეგ უკვე გამოიკვეთება, რომელ მწარმოებელთან რა მედიკამენტზე, რა პირობით უნდა ვისაუბროთ, თუმცა ეს შეთანხმება უკვე მიღწეულიც რომ იყოს, შემდეგ მას დასჭირდება გარკვეული პროცესი, რომელიც მოიცავს საკმაოდ სერიოზულ დროს და ვადებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია ხაბეიშვილმა.
წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია