რუსული გაზის იმპორტი 108%-ით $77 მილიონამდე გაიზარდა, აზერბაიჯანულის შემცირდა
საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობა 2021 წელს მკვეთრად გაიზარდა.

2021 წლის განმავლობაში საქართველოში $77 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული გაზი შემოვიდა, რაც 2020 წლის იმპორტს 108%-ით აღემატება. ასეთი დიდი ზრდა რუსული გაზის მიმართულებით არცერთი განვლილი წლის განმავლობაში დაფიქსირებულა. როგორია მატება უშუალოდ გაზის მოცულობის მხრივ საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაა.

სანაცვლოდ კი, აზერბაიჯანიდან 6.2 მილიონი დოლარით (2.4%) შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი და მან $256 მილიონი შეადგინა. იყო თუ არა კლება იმპორტირებული გაზის მოცულობაში (მლნ კუბ მეტრი) საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაა.

თუკი 2020 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილი მთლიან იმპორტში თანხობრივად 12.2% იყო, წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 23.1%-ს მიაღწია.

უფრო დეტალურად, სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

2021 წელს - გაზის მთლიანი იმპორტი $333 მილიონი იყო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზი - $256 მილიონი, რუსული გაზი - $77 მილიონი;

2020 წელს - გაზის მთლიანი იმპორტი $302 მილიონი იყო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზი - $262 მილიონი, რუსული გაზის - $36.9 მილიონი, სომხეთიდან იმპორტმა კი $3.2 მილიონი შეადგინა.

საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და შაჰ-დენიზის კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, ქვეყანა სოციალური სექტორისთვის და თბოსადგურებისთვის განკუთვნილ გაზს შეღავათიან ფასად იღებს, თუმცა ქვეყანა პარალელურად ახორციელებს რუსული გაზის შესყიდვებს, რასაც ქვეყანა ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან იღებს. აღნიშნული მილსადენი წლიურად 2.2-2.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს და ის სომხეთის გაზმომარაგების მთავარი არხია.

2015 წლის ჩათვლით საქართველო ტრანზიტის საფასურს გატარებული გაზის 10%-ის ნატურით იღებდა, თუმცა მას შემდეგ ტრანზიტის საფასურს რუსული "გაზპრომ ექსპორტი" საქართველოს ფულადი სახით უხდის, ანაზღაურების თანხა კი კომერციული საიდუმლოებაა.

სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზეა ხელმისაწვდომი; მოცემულია ინფორმაცია ბუნებრივ გაზზე, რომელიც საქართველოში მილსადენების მეშვეობით, უშუალოდ აირის სახით შემოვიდა და არა დაწნეხილი სახით (სასაქონლო კოდი 271121).
წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია