რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს კიდევ ამცირებს
რუსეთი 26 იანვრიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადს 1.7 დოლარით ამცირებს, შესაბაბამისად, ერთ ტონაზე ხორბლის საექსპორტო გადასახადი 97.5–ის ნაცვლად 95.8 დოლარი იქნება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აღსანიშნია, რომ საექსპორტო გადასახადის შემცირება ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ ხდება. გასული წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, რუსეთმა ხორბალზე ბაჟი გასულ კვირაში შეამცირა.

ამასთან, ქერზე საბაჟო გადასახადი - 79 დოლარიდან 74.4 დოლარამდე შემცირდება, ხოლო სიმინდზე 46.1 დოლარიდან 50.6 დოლარმდე გაიზრდება. აღნიშნული გადასახადი 1 თებერვლამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე - 336.9 დოლარს (1 კვირით ადრე 339.3 დოლარი), ქერზე - 291.3 დოლარს (1 კვირით ადრე 297.9 დოლარი), სიმინდზე კი 257.4 დოლარს (1 კვირით ადრე 250.9 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 მლნ ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 მლნ ტონა იყო, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო.

ცნობისთვის, საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 366 766 ტონა ხორბლის იმპორტისთვის 93.4 მლნ დოლარი გავიდა, საიდანაც 337 694 ტონა რუსულ ხორბალზე მოდის (87.4 მლნ დოლარი).

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები