NDI-ის საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, საქართველოს
მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და NATO-ში
გაწევრებას.
შეკითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის მიზანი,
საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?
მოსახლეობის 83% პასუხობს, რომ მისაღებია; 8%-ისთვის მიუღებელია, ხოლო
ასევე 8%-მა პასუხად „არ ვიცი“ დააფიქსირა.
ეს შედეგები განსხვავდება 2021 წლის ივლისის გამოკითხვის
შედეგებისგან, როცა მოსახლეობის 76%-ისთვის იყო მისაღები ევროკავშირში
გაწევრება, ხოლო 11%-ისთვის – მიუღებელი.
ამავე კვლევით, მოქალაეები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში
გაწევრიანება მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეხედულებების
მიუხედავად.
მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს NATO-ს წევრობასაც.
2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის
77%-ისთვის ეს მისაღებია, მიუღებელია მხოლოდ 11%-ისთვის, ხოლო
გამოკითხულთა 12%-მა დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“.
კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით
CRRC საქართველოს მიერ.
საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები
შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა
ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო
ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა
შეკითხვის მიხედვით.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).