75% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა – NDI
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (NDI/CRRC) ახალი გამოკითხვის თანახმად, ქვეყანაში სიღარიბისა და კრიმინალის დონის აღქმა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.

კერძოდ, გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 58% ფიქრობს, რომ კრიმინალმა იმატა.

NDI-ს თანახმად, სიღარიბის აღქმა უარესდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც, თუმცა უფრო მეტად ოპოზიციის მხარდამჭერებში. კერძოდ, „ოცნების“ ამომრჩევლების 51%-მა თქვა, რომ სიღარიბის მიმართულებით ვითარება გაუარესებულია, ხოლო ოპოზიციის ამომრჩევლებში ეს პროცენტული მაჩვენებელი 88-ს უტოლდება.

მკვლევრების მიერ დასმული კითხვა ასე იყო ფორმულირებული: „გთხოვთ, გვითხრათ, ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით“. გამოპასუხების შედეგები ასეთია:


წყარო: NDI

აღქმების დონეზე, გამოკითხულთათვის გაუარესებულია ვითარება განათლების (51%), კორუფციის (44%) და სასამართლო სისტემის მიმართულებით.

ორი კომპონენტი, სადაც გამოკითხულები ვითარების გაუმჯობესებაზე საუბრობენ, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (37% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა, 36% პირიქით მიიჩნევს) და სიტყვის თავისუფლებაა (40%-სთვის ვითარება უკეთესობისკენაა შეცვლილი, 27%-სთვის გაუარესებულია).

ტერიტორიული მთლიანობა ის ასპექტია, სადაც ყველაზე მეტი გამოკითხული მიიჩნევს, რომ ვითარება არ შეცვლილა. მართალია, გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ არაფერი შეცვლილა, თუმცა 53% მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებითაც გაუარესებულია ვითარება 10 წლის წინანდელთან შედარებით.

მთავარი პრობლემები
გამოკითხვის თანახმადვე, ქვეყანაში ეროვნული დონის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შორის სახელდება სიღარიბე, ინფლაცია და სამუშაო ადგილები.

სიღარიბე და ფასების ზრდა/ინფლაცია გამოკითხულთა 32%-მა დაასახელა მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად [გამოკითხულებს სამი პასუხის მონიშვნა შეეძლოთ, რის გამოც პასუხების პროცენტული ჯამი 100-ს გადააჭარბებს].

მესამე ადგილი დაიკავა სამუშაო ადგილებმა. მეოთხე და მეხუთე ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემა კი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა (16%) და პენსიები (13%) გამოდგა.


წყარო: NDI

ამასთან, მოსახლეობას ცალკე დაუსვეს კითხვა, მათი აზრის, რა არის ქვეყნის ყველაზე მწვავე ეკონომიკური პრობლემა, რაზეც პასუხები ასე გადანაწილდა:

უმუშევრობა – 49%-მა დაასახელა;
ფასების ზრდა/ინფლაცია – 42%-მა
სიღარიბე – 23%-მა
დაბალი ხელფასები – 21%-მა
ლარის გაუფასურება – 14%-მა


წყარო: NDI

მკვლევრების თანახმად, მოქალაქეები აღნიშნულ პრობლემებზე თანხმდებიან იმის მიუხედავად, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. მაგალითად, უმუშევრობას პირველ რიგში პრობლემად ასახელებენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები.

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა CRRC-საქართველომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის დაფინანსებით.

წყარო: ნეტგაზეთი
Print