გაუქმებული პროპაგანდისტული FB-გვერდები წარმატებით გადავიდნენ TikTok-ზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელიც - ISFED
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED), აქვეყნებს ანგარიშს სოციალური მედიის TikTok-ის შესახებ.

ანგარიშში წარმოდგენილია 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე პერიოდში „ტიკტოკის” აქტიური 63 არხის ანალიზის შედეგები. დაკვირვებისთვის შეირჩა არხები, რომლებსაც ამ პერიოდში, გამოქვეყნებული აქვთ მინიმუმ 1 ვიდეო და პოლიტიკური მიზნით, ანონიმურად ან ღიად ეწეოდნენ მადისკრედიტირებელ, მხარდამჭერ ან პროპაგანდისტულ კამპანიებს.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

► ფეისბუქის მიერ გაუქმებულმა არაერთმა ცნობილმა ანონიმურმა და პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა;

► შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით პროპაგანდისტული გზავნილების არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა;

► პოლიტიკურ შინაარსის არხებიდან, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღდეგო. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების გამოქვეყნებული ვიდეოების რაოდენობა 321-ით აჭარბებდა „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი არხების ვიდეოებს, ინტერაქციის მაჩვენებელი (მოწონება, კომენტარი) 19.5%-ით, ვიდეოების ჯამური ნახვების ოდენობა კი 30.7%-ით;

► მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მადისკრედიტირებელი კამპანიების მასშტაბი და გზავნილები რადიკალურად გაიზარდა;

►ტიკტოკის აუდიტორია პოზიტიურ პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად ერთვება პლატფორმაზე მხარდამჭერმა არხებმა საშუალო ინტერაქციის მეტი მაჩვენებელი დააგროვეს, ვიდრე დისკრედიტაციულებმა.

ორგანიზაცია ISFED შემაჯამებელ ნაწილში აღნიშნავს, რომ ფეისბუქის მიერ გაუქმებული კოორდინირებული, ანონიმური თუ პროპაგანდისტული გვერდები წარმატებით ახერხებენ ტიკტოკის პლატფორმაზე მიგრაციას.

მათივე თქმით, საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების, მათი ვიდეოების და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ამ ვიდეოებზე აუდიტორიის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის დაცულობაზე მომუშავე სექტორმა დროულად წამოიწყოს პლატფორმაზე მიმდინარე პოლიტიკური და პროპაგანდისტული კამპანიების სისტემატიური მონიტორინგი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები