თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გაუქმდა
თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი, რომელიც Georgian Airways-ს უნდა შეესრულებინა, გაუქმდა. ინფორმაცია ასახულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე და ამას ადასტურებს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილიც.

"მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში და რუსეთში. [ეს იყო მიზეზი] კი... გავაუქმებთ თუ დავნიშნავთ ჩარტერულ რეისებს, ეს ავიაკომპანიის პრეროგატივაა და არა სხვისი. არაფერი გვაქვს ზარალი",
- თქვა გაიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს და ტელეფონი გათიშა.

მან განსხვავებული მიზეზი დაასახელა "მთავარ არხთან". ამ შემთხვევაში მან ფრენის გაუქმების მიზეზად მედიაში ინფორმაციის გავრცელება დაასახელა:

"აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ აი, ეს, ის და ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო "ჩერეშჩურ"... ატყდა აჟიოტაჟი და აღარ მოგვცეს ნებართვა - არ მოვიდა რეისის შესრულებაზე ნებართვა..."

თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა დღეს, 28 იანვარს, 10:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. კომპანიაში რადიო თავისუფლებას 26 იანვარს უთხრეს, რომ ყველა ბილეთი უკვე გაყიდული ჰქონდათ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.
წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები