ცნობილი გახდა თანხის ოდენობა, რომელსაც ივანიშვილი Credit Suisse-ს პირველი საქმის ფარგლებში ედავებოდა
თანხა, რომლის გამოც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისს” 6 წლის მანძილზე ედავებოდა, 607 მილიონ 350 ათას დოლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა, “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ “კრედიტ სუისს” ივანიშვილი თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა.

“$607 მილიონ 350 ათასი მეორე მხარემ მიიღო, როგორც უტყუარი კალკულაცია და პრაქტიკულად, მხარეთა ექსპერტებმა უკვე ერთობლივი შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს, რომ ეს თანხა იქნას დამტკიცებული”, — დასძინა ყიფიანმა.

მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა მეორედ უჩივლა “Credit Suisse”-ს. მის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ 6 მაისს გაავრცელა “Credit Suisse”-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს “მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი” მიადგა.

განცხადების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული.

თავად “კრედიტ სუისმა” უსაფუძვლო უწოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print