მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია - გიული ალასანია
„ორი დღის წინ ვნახე და ახლა, რაც დავინახე, მისი მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში“ მოინახულა. ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს სიარული უჭირს და თავს სუსტად გრძნობს.

„ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა რომ შევხედე. სიარული ძალიან უჭირს, დღეს ვიფიქრე, რომ ჩვენც ხომ არ გვეძინა ღამე, იქნებ ისიც ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ თქვა, რომ ეძინა. გუშინ სამჯერ დავეციო, მითხრა. ასეთი მდგომარეობა აქვს. ერთი სიტყვით, საშინელი სისუსტე აქვს“, – თქვა ალასანიამ.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას მოეწონა „ვივა მედის“ პერსონალი და საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გაუკეთდა ანალიზები და ის დაკვირვების პროცესშია.

„ძალიან ყურადღებიანი ხალხია [საავადმყოფოში], ძალიან კარგი ვითარებაა ამ მხრივ. მაგრამ თავად ეს [მიხეილ სააკაშვილი] არ არის კარგად. თორემ პერსონალი, ყველაფერი ძალიან მომეწონა. ანალიზები გაკეთდა, პასუხები მე არ ვიცი, შეიძლება ჯერ არც იყო. მითხრეს, რომ უნდა დავაკვირდეთო“, – თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილის დედამ აღნიშნა, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა, რადგან მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ალასანიას თქმით, სააკაშვილს აქვს 9 დიაგნოზი, რისი მკურნალობაც შესაბამის გამოცდილებას საჭიროებს.

„მისი რეაბილიტაცია აქ ვერ მოხდება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ადამიანი შეიძლება ყველა წუთში აღარ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. 2 დღის წინ ციხეში რომ ვნახე, იქაც კი არ მქონია ასეთი შთაბეჭდილება.

აუცილებელი იმიტომ არის მისი გადაყვანა საზღვარგარეთ, რომ, როგორც გავიგე, ამ კლინიკაშიც არ ჰქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ. არ არის გამოცდილება. ცხრა დიაგნოზი აქვს დასმული უკვე. ეს დიაგნოზები, ყველა ერთმანეთზე მძიმეა. ამ დიაგნოზებმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ცუდი დასასრული“,
– თქვა მან.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია