გიული ალასანია - პოლონეთში მზად არიან, პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში", მისი დედა, გიული ალასანია მივიდა.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას მისი შვილის ნახვის ნებართვა აქვს.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ნახვის ნებართვა ასევე, მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს აქვს და სავარაუდოდ, ისინი სააკაშვილის სანახავად ერთად შევლენ.

"გუშინვე ვიცოდით, რომ ნიკოლოზ ყიფშიძესაც და მეც შეგვიშვებდნენ. არ ვიცი ვისთან მივიდა [ნიკოლოზ ყიფშიძე], მაგრამ ფაქტია, რომ ნებართვა ორივეს გვაქვს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს.

ალასანიამ ასევე, პოლონეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის საქართველოდან წასაყვანად მზად არიან.

"მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის", - აღნიშნა ალასანიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დილის საათებში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და კონსილიუმის წევრი ოთარ თოიძე იყვნენ, თუმცა მათ ყოფილი პრეზიდენტის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში ასევე მივიდნენ მისი უფლებადამცველები - დიტო საძაგლიშვილი და შოთა თუთბერიძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია