გერმანიამ და იტალიამ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის ნება დართეს რუსული გაზისთვის — Reuters
გერმანიისა და იტალიის მთავრობებმა კომპანიებს უთხრეს, რომ შეუძლიათ, ანგარიშები რუბლში გახსნან, რათა რუსული გაზის ყიდვა განაგრძონ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გარეშე. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულს წინ უძღოდა დისკუსიები ევროკავშირთან.

სააგენტო აღნიშნავს, რომ დებატმა რუსეთის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც უცხოელმა მყიდველებმა გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ, გამოცადა ევროპული მთავრობების გადაწყვეტილება, მკაცრად დადგნენ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის გამო.

პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს, დათანხმებოდნენ მოთხოვნას იმპორტიორების მიერ გაზის საყიდლად რუბლის ანგარიშების გახსნაზე გაზპრომბანკთან, რის შემდეგაც მოსკოვმა ხსენებულ ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.

თუმცა, სხვა ქვეყნები ერიდებიან მოქმედებებს, რომლებმაც შეიძლება “რუსული გაზის სასიცოცხლო მნიშვნელობის მარაგები” დააკარგვინოთ, წერს Reuters.

ბრიუსელმა წერილობითი ინსტრუქციები გასცა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რუსული გაზის ყიდვა სანქციების დარღვევის გარეშე.

თუმცა, სააგენტოს თანახმად, ბუნებრივი აირის შეძენისთვის ლეგალური მარშრუტი კვლავ ბუნდოვანია, რადგან ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დახურულ შეხვედრაზე ფირმებს ურჩიეს, არ გახსნან რუბლის ანგარიშები გაზპრომბანკთან.

ამასთან, ხუთშაბათს ევროკომისიის სპიკერმა თქვა, რომ კომპანიებისთვის „მიზანშეწონილი“ არ არის რუბლის ანგარიშების გახსნა.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის დიპლომატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბუნდოვანება მიზანმიმართულად დარჩა, რათა ქვეყნებს მაინც მიეცეთ საშუალება, გახსნან რუბლის ანგარიში და განაგრძონ რუსული გაზის შეძენა.

სააგენტო ციტირებს ერთ-ერთი დიპლომატს, რომლის თქმითაც ამ ბუნდოვანების მიზანია “საკმარისი სივრცის დატოვება განსხვავებული ინტერპრეტაციებისთვის”.

როგორც Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ბერლინმა გერმანელ იმპორტიორებს უთხრა, რომ შეუძლიათ, გახსნან რუბლის ანგარიშები რუსული გაზის საფასურის გადასახდელად სანქციების დარღვევის გარეშე, თუ გაზპრომბანკში გადახდები არ იქნება რუსულ ვალუტაში.

გერმანიის მსგავსად, იტალიამაც მიიღო ევროკომისიისგან ინსტრუქცია იმაზე, როგორ შეიძინოს რუსული გაზი კანონიერად. ეს მანამ მოხდა, სანამ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni მიმდინარე კვირის სამშაბათს იტყოდა, რომ ხსნის როგორც ევროს, ისე რუბლის ანგარიშებს.

როგორც თავის წერილობით ინსტრუქციაში ევროკავშირი ამბობს, კომპანიებს შეუძლიათ იყიდონ რუსული გაზი სანქციების დარღვევის გარეშე, თუ ისინი გადაიხდიან არსებული კონტრაქტებით განსაზღვრულ ვალუტაში.

ევროკავშირის კომპანიებსა და გაზპრომს შორის დადებული კონტრაქტების უმეტესობა ევროში ან დოლარშია. თუმცა, ინსტრუქციაში ცალსახად არ არის ნათქვამი, ამ გადახდების რუსულ ვალუტაში კონვერტაციისთვის რუბლის ანგარიშების გახსნა ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print