შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდა
ბრიუსელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლა.

მანამდე მიშელმა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ფაშინიანთან და ალიევთან შეხვედრები ცალ-ცალკე გამართა.

სომხეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარება, ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაჭრის აუცილებლობა განიხილა.

მათ გასული წლის 14 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე, ასევე ამა წლის 6 აპრილს ბრიუსელში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე აზრები გაცვალეს. საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის გამოყოფილ 2,6 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ-საინვესტიციო პაკეტის განხორციელებას.

სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ დღევანდელი სამმხრივი მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და საკითხების ყოვლისმომცველ მოგვარებას.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით კი, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრისას პრეზიდენტმა ალიევმა ევროკავშირის ლიდერის მხარდაჭერა შეაქო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების, სატრანსპორტო დერეფნების გახსნის, დელიმიტაციისა და საზღვრების დემარკაციის საქმეში. როგორც მედიასაშუალება news.az წერს, ევროკავშირის ინიციატივითა და შუამავლობით ამ ფორმატში ეს უკვე მესამე შეხვედრაა. აზერბაიჯანის პირველმა პირმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზებისთვის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები