მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან აზოტოვანი სასუქების
ექსპორტი 251.2%-ით გაიზარდა.
შედეგად ქვეყანამ აღნიშნული საქონლის რეალიზაციიდან 128.3 მლნ დოლარის
შემოსავალი მიიღო.
ქვეყნის უმსხვილეს 10 საექსპორტო საქონელს შორის აზოტოვანმა სასუქებმა
8.1%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა და ღვინის და მინერალური
წყლების ექსპორტს გადააჭარბა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის
იანვარ-აპრილში უცხო ქვეყნებში სულ 192 541 ტონა აზოტოვანის სასუქის
რეალიზება მოხდა, რაც მოცულობით გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის
მოცულობას 4.8%-ით ჩამორჩება. ექსპორტის ღირებულებისა და მოცულობების
შედარების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისთვის საერთაშორისო
ბაზარზე საქონლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზრდილია.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის
მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში
აზოტოვანი სასუქის ექსპორტი აღარ განხორციელებულა, თუმცა უკრაინა
უმსხვილესი საქონლის სამეულში იანვარ-თებერვლის ექსპორტით მაინც
მოხვდა. აღსანიშნია, ისიც რომ რუსეთ-უკრაინის ომმა, საექსპორტო
მიმართულებებიც შეცვალა და რეიტინგში პირველ ადგილებზე აფრიკის
ქვეყნები წამოწია.
TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:
- პერუ - 60.9 მლნ დოლარი, 90 000 ტონა;
- რუმინეთი - 14.4 მლნ დოლარი, 27 373 ტონა;
- უკრაინა - 13 მლნ დოლარი, 18 194 ტონა;
- ინდოეთი - 12.1 მლნ დოლარი, 16 500 ტონა;
- სომხეთი - 7.2 მლნ დოლარი, 10 460 ტონა;
- განა - 6.5 მლნ დოლარი, 9 959 ტონა;
- მოზამბიკი - 4.5 მლნ დოლარი, 6 058 ტონა;
- ნიგერია - 3.6 მლნ დოლარი, 5 341 ტონა;
- ტანზანია - 3.2 მლნ დოლარი, 4 500 ტონა;
- მალი - 897 ათასი დოლარი, 1 200 ტონა;
ამ ქვეყნების გარდა, აზოტოვანი სასუქები ექსპორტზე აზერბაიჯანში,
სენეგალში, მავრიტანიაში და თურქეთში გავიდა.