აშშ-ის ხაზინამ რუსეთს სუვერენული ვალის გადახდის ლიცენზია არ გაუგრძელა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციების ფარგლებში რუსეთს სუვერენული ვალის დოლარში გადახდის ლიცენზია აღარ გაუგრძელა. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია. Reuters-ის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ მოსკოვი შესაძლოა, დეფოლტის ზღვარზე მიიყვანოს.

უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც ხაზინის დეპარტამენტის სტრუქტურაა, ეს ლიცენზია მიმდინარე წლის 2 მარტს გასცა, ხოლო 25 მაისს, 00:01 საათზე მისი ვადა ამოიწურა. OFAC-ის ლიცენზია რუსეთს უფლებას აძლევდა, აშშ-ის პირების მიმართ ფასიან ქაღალდებში სუვერენული ვალის გადახდებისთვის საჭირო ტრანზაქციები ეწარმოებინა.

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა წლის ბოლომდე, საერთაშორისო ობლიგაციებზე, თითქმის, 2 მლრდ დოლარი უნდა გადაიხადოს, რასაც რუსეთი აქამდე, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ახერხებდა.

როგორც ჩანს, მოსკოვი აშშ-ის ხაზინის ამ გადაწყვეტილებას მოელოდა და პარასკევს, ორ საერთაშორისო ობლიგაციაზე, 71,25 მლნ დოლარში და 26,5 მლნ ევროში დენომინირებულ ემისიებზე გადახდა ვადის გასვლამდე, ერთი კვირით დააჩქარა.

Reuters-ის ცნობით, რუსეთს მთლიანობაში 40 მლრდ დოლარის საერთაშორისო ობლიგაცია აქვს მიმოქცევაში. სააგენტოს შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ლიცენზია მხოლოდ აშშ-ის პირებს შეეხება, „მისი შეჩერება რუსეთისთვის გადახდებს ობლიგაციების სხვა მფლობელებისთვისაც მეტად ართულებს, რადგან აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტები გლობალურ ფინანსურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამასთან, საერთაშორისო ობლიგაციებზე გადახდა თავისთავად რთული პროცესია.“

თუ ქვეყანა ობლიგაციების გადახდას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ან მითითებულ ვალუტაში ვერ ახორციელებს, ეს განიხილება, როგორც დეფოლტი, ხოლო თუ თანხა მის მიმღებამდე გადახდის უუნარობის ან სურვილის არქონის კი არა, სხვა გარემოებების გამო ვერ აღწევს, ეს შესაძლოა, ტექნიკურ დეფოლტად ჩაითვალოს.

Reuters წერს, რომ მართალია, სანქციების გამო რუსეთისთვის სესხის აღების საერთაშორისო ბაზრები უკვე ჩაკეტილია, მაგრამ დეფოლტის შემთხვევაში ის ამ ბაზრებზე წვდომას ვერ აღადგენს, ვიდრე კრედიტორების ვალი სრულად არ დაიფარება და დეფოლტით გამოწვეული ნებისმიერი იურიდიული საქმე არ მოგვარდება. მაგალითად, არგენტინის დეფოლტმა კრედიტორები აიძულა, ისეთი ფიზიკური აქტივების დევნა განეხორციელებინათ, როგორიც არის სამხედრო-საზღვაო ხომალდი და ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავი.

27 მაისის შემდეგ რუსეთს ორ ევროობლიგაციაზე 235 მლნ დოლარის გადახდა 23 ივნისს უწევს.

წყარო: BPN
Print