საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიური სამომხმარებლო ფულადი ხარჯების
43.7% სურსათზე მოდის, რაც იმას ნიშნავს,
რომ მოქალაქეთა ხარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ საკვების შეძენაზე
იხარჯება.
შედარებისთვის, სამომხმარებლო ხარჯებში სურსათის წილი გაცილებით უფრო
დაბალია განვითარებულ ქვეყნებში; მაგალითად, აშშ-ში ეს მაჩვენებელია
27%, ევროსტატის თანახმად, პოლონეთში სასურსათო დანახარჯები მთლიანი
ხარჯების 17%-ია, ლიტვაში - 20%, ბელგიაში - 12.5%, საბერძნეთში -
15%, ნიდერლანდებში კი - 11%.
საქსტატის თანახმად, საქართველოში ერთი საშუალო ოჯახი თვის
განმავლობაში 1,158 ლარს ხარჯავს (საშუალო ოჯახში 3.3 წევრზე
იანგარიშება), სადაც ერთ წევრზე თვეში 346 ლარის დანახარჯები
მოდის.
მთლიანად ამ 1,158 ლარიდან 70% სამომხმარებლო ფულად ხარჯებს
წარმოადგენს, 23.1% არასამომხმარებლო ფულადი ხარჯებია, 6.8% კი -
არაფულადი ხარჯები. შესაბამისად, ერთი ოჯახი თვეში საშუალოდ 810 ლარის
სამომხმარებლო ფულად ხარჯებს სწევს. ეს 810 ლარი კატეგორიების
მიხედვით ასე ნაწილდება:
• სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე - 43.7%, ანუ 354 ლარი;
• სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე - 12.7%,
ანუ 103 ლარი;
• ტრანსპორტზე - 10.9%, ანუ 88 ლარი;
• ჯანდაცვა - 11.7%, ანუ 95 ლარი;
• ტანსაცმელი, ფეხსაცმელი - 3.5%, ანუ 28 ლარი;
• საოჯახო მოხმარების საქონელი - 3.4%, ანუ 28 ლარი;
• განათლება - 2%, ანუ 16 ლარი;
• სხვა - 12.1%, ანუ 98 ლარი.
როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წელს მოსახლეობის
სამომხმარებლო ხარჯები გაზრდილია, თუკი 2020 წელს ერთი საშუალო ოჯახი
თვეში 1,038 ლარს ხარჯავდა, 2021 წელს ეს ხარჯები 1,158 ლარამდე
გაიზარდა.
ინფლაცია, განსაკუთრებით კი სურსათის ფასების ორნიშნა ზრდა
სამომხმარებლო ხარჯებზე ზეწოლას კიდევ უფრო მეტად ზრდის.