4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება - მერია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომატებული მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება.

„ჩვენ წამოვიწყეთ უდიდესი რეფორმა, რომლის ფარგლებში, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლეთ და განვაახლეთ. ასევე, მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გვაქვს ახალი მარშრუტები, არის ბევრი სიახლე. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიძლება იყოს, თუმცა, თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. დაკვირვების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდეს.

იგეგმება ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას. მომატებული მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გასაუმჯობესებლად ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი“,
– აღნიშნა თბილისის მერმა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია შემდეგი საავტობუსო მარშრუტების ამოქმედება:

N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს.

ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია