თაფლის ექსპორტი გაორმაგდა - რა ახალი პერსპექტივა აქვს ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე
ქართული თაფლის ექსპორტი მიმდინარე წელს გაორმაგდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 277.2 ათასი აშშ დოლარის 67.4 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან, 116.8 ათასი აშშ დოლარის 31.4 ტონა თაფლი გავიდა.

მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი მუდმივად მზარდია. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა კი, ეს პოტენციალი მეტად გაზარდა და საქართველომ ეს ნიშაც უნდა აითვისოს.

„ძირითადი საექსპორტო ქვეყნები მიმდინარე წელს ბულგარეთი და საფრანგეთია, თუმცა გამოჩნდა ახალი ქვეყნები: გერმანია, გაერთიანებული საამიროები, აშშ და ისრაელი, საიდანაც ინტერესი დიდია, თუმცა პროდუქციის შეტანა მარტივი ნამდვილად არ არის, მათი სტანდარტებიდან გამომდინარე. ასე რომ, ინტერესიც და ექსპორტის მოცულობაც მზარდია.

ბოლო ტენდენცია კი, უკრაინაში ომიდან გამომდინარე ასეთია, უკრაინა იყო თაფლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ევროკავშირის ქვეყნებისათვის, როგორც მზესუმზირის, ასევე აკაციის თაფლის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ომი ისევ მიმდინარეა და სანამ უკრაინაში მოვლენები დასტაბილურდება, ვფიქრობ გვაქვს პოტენციალი, ბაზარი ჩვენ ავითვისოთ. ცხადია, არ ვგულისხმობ უკრაინისთვის ნიშის წართმევას, ჩვენ ამის რესურსი ფიზიკურად ვერც გვექნება და არც უნდა გვქონდეს სურვილი, თუმცა სანამ უკრაინა ვერ მიაწვდის ევროპას ამ პროდუქტს, ვფიქრობ, საქართველომ ეს პოტენციალი უნდა გამოიყენოს. მით უფრო, რომ ქართულო თაფლის ცნობადობა და სანდოობა ევროპაში გაზრდილია.

გერმანიაში შესული თაფლი წელს საქართველოს ლაბორატორიის დასკვნით მიიღეს, რაც გასულ წლებში წარმოუდგენელი იყო. არის ქვეყნები, სადაც კვლავ ამოწმებენ საზღვარზე თავის ლაბორატორიებში. დარღვევები არ აღმოჩნდა. უმნიშვნელოვანესი იქნება, ამ კუთხითაც მუშაობა, რომ სანდოობა გაიზარდოს ისე, რომ საერთაშორისო ლაბორატორიების დასკვნები აღარ იყოს აუცილებელი“,
- განუცხადა პაპავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

წყარო: BPN
Print