უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სურსათის მიწოდების ჯაჭვების შეფერხების
შემდეგ საქართველოში ხორბლის იმპორტი იკლებს. სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში
იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ
დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე, 31 140 ტონაზე (7 364
მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია.
წელსაც ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი რუსეთია - აპრილში
ჩრდილოელი მეზობლისგან 8 117 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, რაც მთლიანი
რაოდენობის 99%-ია. დანარჩენი 1% ყაზახეთსა და ავსტრიაზე მოდის.
შედარებისთვის, წინა წლის შესაბამის თვეში საქართველომ რუსეთისგან 28
261 ტონა ხორბალი იყიდა, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 71%-ით მეტია,
აშშ-სგან კი გასული წლის აპრილში 2 879 ტონა ხორბალი ვიყიდეთ.
ხორბლისგან განსხვავებით იზრდება ფქვილის იმპორტი - მიმდინარე წლის
აპრილში საქართველოში სულ 16 269 ტონა ფქვილია შემოსული, რაც წინა
წლის აპრილის მაჩვენებელზე, 1 452 ტონაზე, 1020%-ით მეტია.
იმპორტირებულ პროდუქციაში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადავიხადეთ.
ფქვილის მთავარი მომწოდობელიც საქართველოსთვის რუსეთია, იმპორტირებული
პროდუქციის 99% სწორედ რუსეთზე მოდის, 1% კი თურქეთსა და
იტალიაზე.
2022 წლის აპრილში რუსეთისგან საქართველომ 16 170 ტონა ფქვილი იყიდა,
რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე 1039%-ით მეტია.