პოლონეთში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა – საფარი
პოლონეთში ქართველი ქალი სავარაუდოდ ქმარმა მოკლა. შემთხვევა გუშინ, 25 მაისს, მოხდა.

როგორც ქალთა უფლება დამცველი ორგანიზაციის, „საფარის“ წარმომადგენლი ბაია პატარაია აცხადებს, ორგანიზაცია ქალის დახმარებას ცდილობდა. მათივე ცნობით, ქალის ქმარიც საქართველოს მოქალაქე იყო.

„ჩვენ თანამშრომელთან, თამუნა ლუკავასთან გავიდა ჯერ კონტაქტზე, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და თამუნამ ასწავლა მტკიცებულებების შეგროვება. შაბათს მისწერა თამუნას, რომ ისევ ნაცემი იყო და ამჯერად პოლიციის გამოძახება სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ. ჩვენ მოვძებნეთ პოლონეთში ქართველი გოგო, რომელმაც გამოიძახა პოლიცია მის ნაცვლად, რაღაც მოშორებულ ქალაქში ცხოვრობდა. პოლონეთის პოლიცია მივიდა და წავიდა, თარჯიმანი იპოვნე და შენით მოდიო…

მერე უკვე დავიწყეთ საელჩოში რეკვა და ჩვენ შსს-ში. საელჩო გამოდგა სრულიად უმაქნისი და უუნარო. აქაურმა შსს-მ პოლიციის ატაშე ჩართო საქმეში და ახლა თავიდან მივიდა იგივე ეკიპაჟი, მაგრამ გადაიყვანეს ეს გოგო, თარჯიმანიც დაახვედრეს, მოკლედ გაესაუბრნენ და დავრწმუნდით, რომ მსხვერპლი ხარო. გამოუშვეს შინ, მერე ქმარიც გამოჩნდა, დააკავეს ის კაცი. გაგვიხარდა ჩვენ, მაგრამ გამოუშვეს ის კაცი. დავიწყეთ ისევ რეკვები, რომ ქალი კვლავ საფრთხეშია, ავაწრიალეთ ისევ ყველა. ორშაბათს გვქონდა ბოლოს კავშირი ამ გოგოსთან, ოთხშაბათს მოუკლავს ქმარს, ორივე საქართველოს მოქალაქე იყო…“, –
წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.

როგორც ბაია პატარაია აცხადებს, ორგანიზაცია პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დააყენებს.

„დილიდან ყველა ვტირით… იქნებ რაღაც კიდე შეგვეძლო იმ შაბათ-კვირას, მაგრამ გვქონდა პოლიციის იმედი, ამაოდ… დავაყენებთ პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგში, აქედანაც მოვახერხებთ მაგას, მაგრამ იმ გოგოს რა გააცოცხლებს? არ შეიძლება მოძალადეების ასე დაუსჯელად გამოშვება და რისკების არშეფასება, მაგრამ ესმის ეს ვინმეს ან აქ, ან იქ? ვაიმე, რა დღე გაგვითენდა…“,
– წერს ბაია პატარაია.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში დაიწყება შესაბამისი პროცედურები.

მათივე განცხადებით, საგამოძიებო სამუშაოების გათვალისწინებით, პირველივე შესაძლებლობაზე მოხდება გადმოსვენება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია